საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ბერძენ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ბერძენ კოლეგასთან.
მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე გააკეთეს შეხვედრის შემაჯამებელი განცხადებები პრესასთან.
შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და ნიკოს დენდიასმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული კავშირები, რამაც ასახვა ჰპოვა არა მხოლოდ ამ ქვეყნების პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებზე, არამედ კულტურაზე, ხალხთაშორის კავშირებსა და იმ ისტორიულ ფასეულობებზე, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
მინისტრებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტებისა და კონტაქტების ინტენსივობის მნიშვნელობა ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო განვითარებისთვის. განსაკუთრებით გამოჰყვეს დიდი პოტენციალი ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულებით და შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ ახლო მომავალში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ჩატარებას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას რეგიონში როგორც ბიზნესის წარმოების, ისე ტურისტული მიმზიდველობისა და ქვეყნის მზარდი სატრანზიტო ფუნქციების გათვალისწინებით. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრები მიესალმნენ სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დღის წესრიგს და უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ის დიდი დახმარება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საბერძნეთმა საქართველოს აღმოუჩინა ამ კუთხით.
შეხვედრაზე გამოიხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე აღიარებული იქნა საქართველოს პროგრესი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო შეფასების დროს ევროკავშირის მხრიდან გათვალისწინებული იქნება საქართველოს ძალისხმევა, რაც შემდგომ აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ილია დარჩიაშვილმა ბერძენ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. თავის მხრივ, საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა, პირველივე შესაძლებლობისას ეწვიოს საქართველოს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.