საბერძნეთში მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
საბერძნეთში მკაცრი ეკონომიკური ზომების  წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვაა. სახელმწიფო სექტორსა და კერძო კომპანიებში დასაქმებულები ქამრების შემოჭერის მრავალწლიანი პოლიტიკისა და მკაცრი ეკონომიკური ზომების ახალი ტალღის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ზაფხულის შემდეგ ამოქმედდება.

შეჩერებულია საზღვაო მიმოსვლა, შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 12 საათიდან კი გაფიცულები პენსიონერებთან და სტუდენტებთან ერთად ათენის ცენტრში მსვლელობას გეგმავენ. მათ მედიის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისიდან მოყოლებული, საბერძნეთმა მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარების სანაცვლოდ, რომელიც გადასახადების ზრდასა და პენსიების შემცირებას გულისხმობს, ევროკავშირის მხრიდან სესხის სახით 260 მილიარდი ევროს ოდენობით თანხა მიიღო. მოქალაქეების წინააღმდეგობის მიუხედავად, 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ხელი მოაწერა დღეისათვის მოქმედ საერთაშორისო დახმარებას, რომელსაც ვადა აგვისტოში ეწურება.