საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, რის გამოც ათენის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ათასამდე მასწავლებელმა, სტუდენტმა, მოსწავლემ და საჯარო სექტორის სხვა თანამშრომლებმა.
სტუდენტები და მასწავლებლები აცხადებენ, რომ რეფორმა ცუდად იმოქმედებს საბერძნეთის საჯარო უნივერსიტეტების ხარისხზე და კიდევ უფრო შეამცირებს საჯარო განათლების დაფინანსებას.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიულმა მთავრობამ შეიმუშავა განათლების რეფორმის კანონპროექტი, რათა კარი გაუღოს იმ დაწესებულებებს, რომლებიც, მისი თქმით, იმუშავებენ როგორც უცხოური უნივერსიტეტების ფილიალები.
საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბევრი ოჯახი აგზავნის შვილებს საზღვარგარეთ სასწავლებლად, თუ ამის საშუალება აქვთ და ახალგაზრდები სწავლის დასრულების შემდეგ ხშირად რჩებიან საზღვარგარეთ, საბერძნეთის მთავრობა კი იბრძვის, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ განათლება საკუთარ ქვეყანაში და სწავლის დამთავრების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დაიწყონ სამსახური.
პარლამენტმა კანონპროექტს მიმდინარე თვეში უნდა უყაროს კენჭი.