საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“ დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
შუშანაშვილის გარდა, შსს-ს ცნობით, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია კიდევ სამი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი: საფრანგეთის ქალაქ მონტობანში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. საბერძნეთის ქალაქ ათენში – ე.წ. „კანონიერი ქურდები“: 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“.
როგორც შსს-ში განაცხადეს, საფრანგეთსა და საბერძნეთში 16-17 აპრილს ჩატარდა სპეცოპერაცია სახელწოდებით, Caucase Normandie. სპეცოპერაციის შედეგად, ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გარდა, დაკავებულია ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი.
ბრიფინგი შსს-ში დღეს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ გამართა.