საბერძნეთსა და თურქეთში დიდთოვლობაა. უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სადაც ძლიერი თოვლის გამო, ათობით ავტომობილი ღამის განმავლობაში გზაზე ჩაიხერგა. ავტომობილის მძღოლებს სასმელი წყალი, საკვები და პლედები დაურიგეს. ტერიტორიაზე გზის გასაწმენდად მაშველების მობილიზება გახდა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობამ შეაფერხა საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლაც. გავრცელებული ინფორმაციით, 15 მგზავრი დაშავდა, როდესაც თოვლში გაჩერებული მატარებლის სარკინიგზო ბუქსირით გადაყვანას ცდილობდნენ. სულ კი მატარებელში 200-მდე მგზავრი იმყოფებოდა. 15 დაშავებულიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა სკოლებში. დროებით დაიხურა ბანკები, ასევე მაღაზიები, რომლებიც პირველადი საჭიროების პროდუქტებით არ ვაჭრობენ. ხელისუფლებამ დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში უქმე დღე გამოაცხადა. მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
დიდთოვლობის გამო დროებით დაიხურა სტამბოლის აეროპორტიც. თოვლის საფარის გამო აეროპორტის სასაწყობე განყოფილებაში ჭერი ჩამოინგრა. ამასთან, სტამბოლის გუბერნატორმა აკრძალა ავტომობილების გადაადგილება ქალაქში. აქაც, ისევე როგორც ათენში, დიდთოვლობის გამო გზაზე ავტომობილები იყო ჩახერგილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლში მაშველებმა 5 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, მათგან 3 000 -მდე ადგილობრივ სასტუმროებში, გესთჰაუსებსა და თავშესაფრებში გადაანაწილეს.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უხვი ნალექი საბერძნეთსა და თურქეთში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.