საბერძნეთისა და თურქეთის ლიდერები ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული მილსადენების პროექტებს განიხილავენ
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას, ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული მილსადენების პროექტების რეალიზაციის საკითხს განიხილავენ.
ალექსის ციპრასი თურქეთს 5-6 თებერვალს ესტუმრება და შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართავს.
ტრანსანატოლიური გაზსადენი საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთ საზღვრამდე არსებული პროექტია, რომელიც ტრანსადრიატიკულ გაზსადენთან ერთად, „სამხრეთის გაზის კორიდორის“ შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული პროექტით, აზერბაიჯანის „შაჰ დენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებაა გათვალისწინებული. პირველ ეტაპზე გაზსადენით წლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება, რომლისგანაც 6 მილიარდი თურქეთს დარჩება, დანარჩენი კი, ევროპას. ტრანსადრიატიკული მილსადენის დასრულების შემდეგ, ევროპამ გაზი 2020 წლიდან უნდა მიიღოს.