საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი - თითოეულმა ქვეყანამ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, ეს ომი ყველას ეხება, ჩვენ არ შეგვიძლია, გავჩუმდეთ
ეს ომი ყველას ეხება, ჩვენ არ შეგვიძლია, გავჩუმდეთ, – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ოდესაში ვიზიტისას განაცხადა.
„ომი დაიწყო ევროპის გულში, მაგრამ ევროპელებმა არ იცოდნენ, რა იყო ეს და რამდენად შორს შეიძლებოდა წასულიყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი არღვევს ყველა წესს და ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით ნეიტრალური. ჩვენ არ შეგვიძლია, გავჩუმდეთ“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს უკრაინის დასაცავად.
„თითოეულმა ქვეყანამ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, რათა დახმარება იყოს სტაბილური, არ მოხდეს შეფერხებები და მათთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც საჭიროა“- განაცხადა მიცოტაკისმა.
შეგახსენებთ, ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ძლიერი აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, ბერძნული დელეგაციის წევრებიდან არავინ დაშავებულა, თუმცა, ბერძენი ჟურნალისტების ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.