საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელში ჩავიდა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელში ჩავიდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ისრაელში ჩავიდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.

„მოვედი აქ არა მხოლოდ როგორც მოკავშირე, არამედ როგორც ნამდვილი მეგობარი. მართლაც საშინელება იყო, რაც მოხდა და ჩვენ პირველივე წუთიდან მხარი დავუჭირეთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიო განსხვავება „ჰამასსა“ და პალესტინელ ხალხს შორის. გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მოხდება ზედმეტი ჰუმანიტარული საფასურის გარეშე. ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – განუცხადა მიცოტაკისმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემო კარგო მეგობარო, ძალიან სასიამოვნოა შენი აქ ნახვა. ყოველთვის ვამბობ, რომ ისრაელის მხარდაჭერისთვის საუკეთესო გზა არის ამ მხარდაჭერის გამოხატვა ისრაელში ვიზიტის დროს. ძალიან ვაფასებ თქვენს სოლიდარობას. ჩვენ, ყველანი, უნდა გავერთიანდეთ „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც ისლამური სახელმწიფოა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.