საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს ევროპარლამენტის არჩევნების წინ მაღალ ფასებთან გამკლავებისკენ მოუწოდებს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ევროკავშირს მოუწოდებს, ფასების შემცირებაზე იმუშაოს, რაც, მისივე თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევაა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ 18 მაისით დათარიღებულ წერილში საბერძნეთის კონსერვატორი ლიდერი აღნიშნავს, რომ ინფლაციამ გამოააშკარავა ბაზრების ფუნქციონირების პრობლემები, რომლებიც ევროკავშირის 27 ქვეყანაში პირველადი საჭიროების პროდუქტის ფასებში განსხვავებებს იწვევს.
როგორც მიცოტაკისი აღნიშნავს, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში, როგორებიცაა ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, დანია და სლოვაკეთი ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ წარმოებული პირველადი საჭიროების საქონელი, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალ ფასებში იყიდება. მისი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბაზრებზე პროდუქტების მიწოდების ტერიტორიული შეზღუდვების დაწესებაა, რათა თავიანთი დომინანტური მდგომარეობით ისარგებლონ.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა აჩვენოს შესაძლებლობა, მტკიცედ, რბილად და ეფექტიანად ჩაერიოს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად. მიცოტაკისი ევროკავშირის კონკურენციის კანონმდებლობის გამკაცრების მოწოდებით გამოდის.
„ბოლოდროინდელმა ინფლაციურმა კრიზისმა გამოიწვია ევროპელი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის მნიშვნელოვანი შემცირება და ხაზი გაუსვა, ერთი მხრივ, ზოგიერთი დიდი მრავალეროვნული კომპანიის ასიმეტრიულ ძალაუფლებას, მეორე მხრივ კი, ჩვენი კავშირის გამოუყენებელ კოლექტიურ ძალაუფლებას“, – აღნიშნა კირიაკოს მიცოტაკისმა.
საცხოვრებელი ხარჯების ზრდის კრიზისი გამოიწვია ინფლაციის გლობალურმა ზრდამ, რაც გაამწვავა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ენერგორესურსების გაძვირებამ. ევროსტატის მონაცემებით, 2023 წელს საბერძნეთი ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით მეორე ადგილზე იყო.