ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა საბერძნეთისთვის 6,7 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირეს. თანხის უმეტეს ნაწილს ათენი თებერვალში მიიღებს, ერთ მილიარდ დოლარს კი, აპრილში.
ევროჯგუფის ახალმა ხელმძღვანელმა, პორტუგალიის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა მარიო სენტენომ მინისტრების გადაწყვეტილებას საბერძნეთისთვის „კარგი ახალი ამბავი“ უწოდა, მისი თქმით, საბერძნეთმა შეასრულა თითქმის ყველა რეფორმა, რომელსაც კრედიტორები ითხოვდნენ. ხოლო ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში ევროკომისარმა პიერ მოსკოვიჩიმ აღნიშნა, რომ ათენმა 110 საჭირო ნაბიჯიდან 95 უკვე გადადგა და დაკმაყოფილებული კრიტერიუმების რიცხვი კიდევ იზრდება.
საბერძნეთის მორიგ ტრანშს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფინანსური დახმარების მესამე პროგრამის ფარგლებში მიიღებს. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საერთო ჯამში 86 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, 2015 წელს შეათანხმეს.
საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნით რეფორმების ახალი გეგმა გასულ კვირას დაამტკიცა. კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრა გაფიცვის, საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე გაიმართა. ცვლილებები პროფკავშირებს გაფიცვის უფლებას უზღუდავს. ახალი კანონის თანახმად, გაფიცვის გამოცხადებისთვის პროფკავშირთა წევრების ხმების ნახევარზე მეტია საჭირო. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით კი, საკმარისი იყო ხმების ერთი მესამედი. ამას გარდა, ვადაგადაცილებული სესხების უზრუნველყოფის სანაცვლოდ ჩადებული ქონება ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდება.