პოლონეთში საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე „რანინას“ სამივე ფინალისტი გაემგზავრება. ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
„პირველ რიგში, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების დღეს. ჩვენს კარგ ქვეყანას, რომელსაც ასეთი ახალი თაობა ჰყავს, არც მოწყენის უფლება აქვს და არც არანაირი საფუძველი. ეს არის ის ახალი, ბრწყინვალე თაობა, რომელიც დიდების დღეებს აღუდგენს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, „რანინას“ სახით დაწყებული ზეიმი გაგრძელდება და ეს ახალგაზრდები მსოფლიოში არსებულ ყველა ფესტივალზე ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს.
„ყველაზე მეტად ვის მძიმე მდგომარეობაშიც შევდივართ, ეს არის ჟიური. შემიძლია გითხრათ, როგორც ერთმა მაყურებელმა და არხის სახელით ჩვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ამ კონკურსს, „რანინას“ არ ჰყავს დამარცხებული. ყველა გამარჯვებულია. ის ათი ბავშვი, უბრწყინვალესი, ვინც მანამდე მონაწილეობდა. ეს იყო ნიჭის ფოიერვერკი და ზეიმი, ყოველგვარი კომპლიმენტებისა და გადაჭარბების გარეშე. ეს სამი ადამიანი არის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მარგალიტი და დიდებული. ვინც გაიმარჯვებს, პირველი იქნება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დანარჩენი ორი გულშემატკივრად გაჰყვება. ერთი იმღერებს. როგორ და რა ფორმით, თვითონ გადაწყვეტენ. ერთი იქნება გამარჯვებული, დანარჩენები დაჯილდოვდებიან და ეს გაგრძელდება. რაც მთავარია, მე ვუსურვებ ამ ახალგაზრდებს ქართულ ღირსებას და პატიოსნებას. ერთმანეთს შური და გაუტანლობა კი არა, პირიქით, ერთმანეთის მხარდაჭერა, ერთმანეთის თანადგომა – ეს იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება. გილოცავთ. მე თქვენზე მეტად ვღელავ, ისევე, როგორც ღელავს მთელი საქართველო, ვინც დღეს გიყურებთ. ყველანი ხართ ბრწყინვალეები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
საბავშვო კონკურსის „რანინას“ გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი გახდა. გიორგი როსტიაშვილის გარდა, კონკურსის ფინალისტები იყვნენ ანასტასია გარსევანიშვილი და ანა ბერიშვილი.