„საბავშვო ევროვიზია 2018“-ის გენერალური რეპეტიცია მინსკი არენაზე, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ქართველი კონკურსანტი თამარ ედილაშვილი კონკურსზე მეცამეტე ნომრად გამოვა.
გენერალურ რეპეტიციაზე კონკურსანტებს დღეს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. მათი ქულები ხვალამდე ანონიმური დარჩება, ხვალ კი მაყურებლის ლაიქებთან დაჯამდება და გამარჯვებული გამოვლინდება.
თამარ ედილაშვილმა რამდენიმე რეპეტიცია უკვე გაიარა.
2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა გუშინ, 23:00 საათზე დაიწყო და კვლავაც გრძელდება. ხმის მიცემის პროცედურა 25 ნოემბერს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.
კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია vote.junioreurovision.tv-ის მეშვეობით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა მონაწილის ვიდეორგოლი; ხმა მისცეთ სამ, ოთხ, ან ხუთ ფავორიტ მუსიკალურ ნომერს. შეგიძლიათ, მხარი დაუჭიროთ თქვენს ქვეყანას, თქვენივე ქვეყნიდან.
საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი წელს მეორედ მასპინძლობს.
მასშტაბური შოუ 25 ნოემბერს მინსკში გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ფინალური შოუ 20-ივე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა. საბავშვო ევროვიზია 2018-ის დასკვნით ღონისძიებას მაყურებელი პირველი არხის ეთერში, პირდაპირი ტრანსლირებით იხილავს.