საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, სადაც ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა, ინფექცია არ აღმოაჩნდათ
152-ე ბაგა-ბაღში, სადაც ერთ-ერთ აღმზრდელს ტუბერკულოზი დაუდგინდა, თანამშრომლების გამოკვლევა დასრულდა. 50-მდე პირს, პირველადი შემოწმების შედეგად, ტუბერკულოზის ნიშნები არ აღმოაჩნდა.
რაც შეეხება იმ 28 ბავშვს, რომლებსაც დაავადებულ აღმზრდელთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ, როგორც ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ზაზა ავალიანმა პირველ არხს განუცხადა, პირველადი შედეგები შაბათს გახდება ცნობილი.
მისი განმარტებით, თუ პირველადი შედეგებით რომელიმე აღსაზრდელს დაუდგინდება გარკვეული სიმპტომები, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას ტუბერკულოზი განუვითარდა და ასეთ შემთხვევაში, მათ დამატებითი დიაგნოსტიკა ჩაუტარდებათ.
რაც შეეხება დაავადებული აღმზრდელის მდგომარეობას, ავალიანის თქმით, პაციენტი მკურნალობას გადის და სამსახურში დაბრუნებას მაქსიმუმ 3-4 თვეში შეძლებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის 152-ე საჯარო ბაღის აღმზრდელს ტუბერკულოზი დაუდგინდა, ბაგა-ბაღების სააგენტომ 23 იანვარს გაავრცელა.