საბავშვო ბაგა-ბაღების სარეზერვო სიაში ბავშვების მოსახვედრად განაცხადების მიღება 22 ივნისიდან დაიწყება
საბავშვო ბაგა-ბაღების სარეზერვო სიაში ბავშვების მოსახვედრად განაცხადების მიღება 22 ივნისიდან დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, საბავშვო ბაგა-ბაღების სარეზერვო სიაში ბავშვების მოსახვედრად განაცხადების მიღება 22 ივნისიდან დაიწყება.

„ძვირფასო მშობლებო, თუ ვერ მოახერხეთ ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ბაღში, 22 ივნისიდან მიმართეთ კონკრეტულ სააღმზრდელო დაწესებულებას და დატოვეთ განაცხადი ბავშვის სარეზერვო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით.

თუ ოჯახს აქვს კონკრეტული სოციალური სტატუსი, უნდა წარადგინოთ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი.​ ადგილობრივი მცხოვრებლების შემთხვევაში, ოჯახმა სარეზერვო განცხადებას თან უნდა დაურთოს არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი.

გაითვალისწინეთ, რომ სარეზერვო სიაში, ისევე როგორც პირველი ეტაპის რეგისტრაციისას, განსაზღვრულია კონკრეტული პრიორიტეტული კატეგორიები.

სააღმზრდელო დაწესებულებაში მისვლისას, სავალდებულოა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის არსებული რეკომენდაციების დაცვა. გისურვებთ წარმატებებს“, – აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 5 340 თავისუფალი ადგილია დარჩენილი.