საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კახაბერ გვანცელაძეს გოგი ჩიქოვანი შეცვლის
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კახაბერ გვანცელაძეს გოგი ჩიქოვანი შეცვლის

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კახაბერ გვანცელაძეს გოგი ჩიქოვანი შეცვლის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გოგი ჩიქოვანი არის ის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ასევე ბავშვების უსაფრთხოებისა და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც, ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში არსებობს.

„გვაქვს გარკვეული საკადრო ცვლილებები. საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსის პოზიციაზე, მინდა, წარმოგიდგინოთ გოგი ჩიქოვანის კანდიდატურა, რომელიც აქამდე იკავებდა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას. გოგი ჩიქოვანს ებარა განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რასაც წარმატებით უძღვებოდა. მისი უშუალო ორგანიზებით არაერთი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და ის ერთ-ერთი საიმედო პროფესიონალია ჩვენს გუნდში. ის არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ პოზიციაზე, რადგან სად, თუ არა ბაღებში უნდა იყოს დაცული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული კანონის მოთხოვნები. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რათა საბავშვო ბაღებში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ვფიქრობ, რომ გოგი ჩიქოვანი არის ის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ასევე ბავშვების უსაფრთხოებისა და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც, ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში არსებობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო გოგი ჩიქოვანს“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კახაბერ გვანცელაძეს, რომელიც დღემდე ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას და იკავებდა სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას. თანამდებობის დატოვება იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, მინდა, მას ჯანმრთელობა ვუსურვო და მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. წარმატებები ვუსურვო ნებისმიერ მიმართულებაში, სადაც არ უნდა იყოს ის“, – განაცხადა კახა კალაძემ.