თბილისის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გლდანში, სამგორსა და ისანში სამი მასშტაბური პროექტი დაიწყო
გლდანის რაიონში N50, სამგორში N28 საბავშვო ბაღების მშენებლობა, ისანში კი N37 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერია 2017 წლიდან საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურას აქტიურად აწესრიგებს და ევროპულ სტანდარტებს ამკვიდრებს.
„გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში N50 ბაღის შენობა მანამდე რამდენჯერმე იყო გამაგრებული. ექსპერტების დასკვნის საფუძველზე მისი დემონტაჟი განხორციელდა. ბაღს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და ის იჯარით ალტერნატიულ ფართში არის განთავსებული. მომავალი წლის ბოლოსკენ კი ზაჰესის მცხოვრებლებს უკვე თანამედროვე ბაღში შეეძლებათ პატარების მიყვანა. იგივე შეიძლება ითქვას სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მრავალჯგუფიან, N28 საბავშვო ბაღზე. მისი დემონტაჟიც ავარიულობის გამო განხორციელდა და რამდენიმე დღის წინ უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, რეკონსტრუქციის სამუშაოები ისნის რაიონში მდებარე N37 საბავშვო ბაღშიც დაიწყო.
„დავიწყეთ ისნის რაიონში მდებარე N37 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი. ბაღის შენობის ერთ ფლიგელს დაემატება სართული და, შესაბამისად, გაიზრდება ჯგუფების რაოდენობა. ბაღი აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რასაც აქამდე სრულად ვერ აკმაყოფილებდა. პროექტის დასრულება მომავალი წლის ბოლომდე იგეგმება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ავარიული საბავშვო ბაღების შენობების დემონტაჟთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები სიმართლეს არ შეესაბამება.
„გვახსოვს სპეკულაციები პოლიტიკური პარტიების მხრიდან, თითქოს ამა თუ იმ ბაღის ადგილას კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო, რასაც დღეს დაესვა წერტილი. საზოგადოება დარწმუნდა, რა დამოკიდებულება აქვს დედაქალაქის მთავრობას საბავშვო ბაღების მიმართ. მიზანი გვაქვს ერთი – მთელი ქალაქის მასშტაბით საბავშვო ბაღები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.