ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის ხვალიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ.
შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან უნდა შესულიყო ძალაში, მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით კი, ისინი არასაბანკო ორგანიზაციების რეგულაციებთან ერთად, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
ამასთან, აღნიშნული საბანკო რეგულაციების ამოქმედება, უკვე მეორედ გადავადდა. თავიდან მისი ძალაში შესვლა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა, რამაც ორი კვირით, 15 ნოემბრამდე გადაიწია.
საუბარი იყო რეგულაციებზე, რომლის თანახმად:
- იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი.
- უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება.
- ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი.
ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრული იყო ექვსი საშემოსავლო საფეხური და სესხის კოეფიციენტი:
- თვეში 10 000 ლარზე მეტი – ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს.
- თვეში 7 000-10 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30 პროცენტი, ანუ 3000 ლარამდე;
- თვეში 5 000-7 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25 პროცენტი, ანუ 1 750 ლარამდე;
- თვეში 3 000-5 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 1000 ლარამდე;
- თვეში 1 000-3 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 600 ლარამდე;
- თვეში 1 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 200 ლარამდე.
კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.