საბაგიროს გაუმართაობის გამო, შვეიცარიის ერთ-ერთი მთიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
საბაგიროს გაუმართაობის გამო, შვეიცარიის ერთ-ერთი მთიდან 400-მდე ადამიანის ვერტმფრენებით ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ინციდენტი პიც გლორიას მთაზე მოხდა. საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის გამო, 400-მდე ადამიანი ზღვის დონიდან სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდა ბლოკირებული.
აღნიშნული მთა შვეიცარიის ღირსშესანიშნაობაა. მასზე გადაღებულია ჯეიმს ბონდის შესახებ ერთ-ერთი ფილმი. მთის მწვერვალზე რესტორანია განთავსებული, რომლამდე მისვლაც საბაგიროთია შესაძლებელი.
მწვერვალზე დარჩენილი ხალხის ევაკუაციისთვის ოთხი ვერტმფრენის გამოყენება გახდა საჭირო. ისინი ახლომდებარე სამთო კურორტზე გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საბაგიროს ოპერატორის კომპანიის Schilthorn AG-ის განცხადებაშია აღნიშნული, გონდოლა ტექნიკური დეფექტის გამო გაითიშა.