საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ ტერიტორიაზე 26 მაისს საზეიმო ღონისძიება გაიმართება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ ტერიტორიაზე აღნიშნავს. ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება.
„სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტომასალა, საინფორმაციო სტენდების საშუალებით გაიზიარონ ცოდნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.
ასევე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. კამპანიის „გააზიარე ცოდნა“ ფარგლებში, წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებიც ადგილზე მისულ სტუმრებს გაუზიარებენ საკუთარ სამეწარმეო გამოცდილებას, ამავე კამპანიის ფარგლებში, გაიმართება ნახატების გამოფენა.
საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. ასევე იქნება სპეციალურად მოწყობილი სივრცე ბავშვებისთვის. (ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა. ბავშვები ფერადი ცარცით მოხატავენ საქართველოს რუკას;
სპეციალურად სტუმრებისთვის მოწყობილ სადღესასწაულო პავილიონებში, შესაძლებელი იქნება ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის სერვისებისა და მომსახურების, საინფორმაციო გზამკვლევებისა და ბროშურების, სასწავლო კურსებისა და ლიტერატურის გაცნობა, 26 მაისისადმი მიძღვნილი სამახსოვრო სუვენირების მიღება“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის ღონისძიებების დღის წესრიგსაც ავრცელებს: 15:00 საათზე გაიმართება საზეიმო კონცერტი. მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ანსამბლები: „შავნაბადა“ და „ერისიონი“. ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთის შვილები“, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“.
16:30 საათზე ღონისძიების ოფიციალური ნაწილია დაგეგმილი. სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გაიმართება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
17:10 საათზე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.