საბა კვირკველია უგუნდოდ დარჩა - „ნეფთჩიდან“ ქართველი ადრიან მუტუმ გაუშვა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან მუტუმ გუნდიდან გაუშვა, – ინფორმაციას გამოცემა „აზერსპორტი“ ავრცელებს.
„აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი „ნეფთჩი“ მცველს, საბა კვირკველიას დაემშვიდობა. როგორც დედაქალაქურ კლუბში განაცხადეს, ინიციატივა მთავარ მწვრთნელს, ადრიან მუტუს ეკუთვნის. საქართველოს ნაკრების მცველმა გუნდში ერთი სეზონი გაატარა“, – წერია „აზერსპორტის“ გავრცელებულ ცნობაში.
აზერბაიჯანულმა კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი 13 ივლისს დანიშნა. მუტუმ თანამდებობაზე ასევე რუმინელი ლაურენციუ რეკეკამპფი შეცვალა. რუმინეთის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს უთამაშია „ჩელსიში“, „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსში“.
ადრიან მუტუმ სამწვრთნელო საქმიანობა 2018 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ სამ რუმინულ კლუბში იმუშავა – „ვოლუნტარში“, „კრაიოვა უნივერსიტატსა“ და ბუქარესტის „რაპიდში. ის ასევე იყო რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და არაბთა გაერთიანებული ემირატების „ალ-ვაჰდაში“.