საბა ფესვიანიძე - ვყოფილვარ ბულინგის როგორც მსხვერპლი, ასევე უნებლიე მონაწილეც
საბა ფესვიანიძე - ვყოფილვარ ბულინგის როგორც მსხვერპლი, ასევე უნებლიე მონაწილეც

პირველი კლასიდან მოყოლებული, ვყოფილვარ ბულინგის როგორც მსხვერპლი, ასევე უნებლიე მონაწილეც, – ამის შესახებ პირველი სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე საბა ფესვიანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხალხი ვერ აცნობიერებს, თავად ან სხვა როგორ ხდება ბულინგის მსხვერპლი. მე, როგორც მოქალაქეს, არ უნდა მეშინოდეს, რომ გარეთ გასვლისას ჩემზე ვიღაც იძალადებს და მომკლავს. დღეს კი, ამის შეგრძნება მაქვს“, – განაცხადა საბა ფესვიანიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხშირად მიმართავენ ის და მისი თანასკოლელები ფსიქოლოგს ან მანდატურს და უქმნის თუ არა ეს მათ გარკვეულ უხერხულობას, პირველი სკოლა-გიმნაზიის მოსწავლემ განაცხადა, რომ არასდროს გაუგია, ვინმე სკოლის ფსიქოლოგთან მისულიყო; მანდატურები გარკვეულ პრევენციაში ხშირად არიან ჩართული, მაგრამ მათთვის მიმართვა ტაბუდადებულად რჩება.

„იმერეთში მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, სადაც 40 წლის მანდატური 15 წლის გოგონაზე ძალადობდა, მანდატურის სამსახური რაღაც არასერიოზულად აღიქმება. მართალია, ეს ერთეული შემთხვევაა, მაგრამ ტონს მაინც ტოვებს. 80-90-იანებში გაზრდილი, სტრესგადატანილი ადამიანებისთვის შესაძლოა, ახლანდელი ახალგაზრდების პრობლემები სასაცილოც აღმოჩნდეს, მაგრამ ახალგაზრდობას პრობლემები აქვს“, – განაცხადა საბა ფესვიანიძემ.

მისი თქმით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჩატეხილი ხიდია და ყოფილა შემთხვევა, როცა ახალგაზრდების პრობლემები მასწავლებლისთვის სასაცილო აღმოჩენილა.

„როდესაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სხვაობა სამი-ოთხი თაობაა, მათ შორის საერთოს პოვნა ცოტა არარეალურია, რადგან განსხვავებულ რეალობაში გაზრდილ ადამიანებს რეალობის განსხვავებული აღქმა, სხვადასხვა პრიორიტეტები და შესაბამისად, სხვადასხვა სიმართლე აქვთ“, – განაცხადა საბა ფესვიანიძემ.