საბა ბუაძე - ვითომ რეგულაციები ვერ შეგვაშინებს, ჩვენ არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ ჯანმრთელობის შესახებ მავნებლურ, ცრუ მოწოდებებს
„ლელო საქართველოსთვის“ წევრის საბა ბუაძის განცხადებით, დღეს არის დრო გაგრძელდეს ის ბრძოლა, რომელიც სიმართლისთვის ყოველთვის იმართებოდა.
მისივე თქმით, არ აპირებენ არსად წასვლას და არ დაემორჩილებიან ჯანმრთელობის შესახებ მავნებლურ, ცრუ მოწოდებებს.
„მინდა, ყველას მოგიწოდოთ, ახლა არის ჩვენი დრო, რომ ავიღოთ დროშა ხელში და გავაგრძელოთ ის ბრძოლა, რომელიც ყოველთვის იმართებოდა სიმართლისთვის, რომელსაც ჩვენი მშობლების თაობა შეეწირა. ეს სიმართლისთვის ბრძოლა არის გარდაუვალი და გარდაუვალია ჩვენი გამარჯვება. ჩვენ დიდი ხანია, გვეუბნებიან, რომ თუარ მოგწონს ეს ქვეყანა, წადითო, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ჩვენ დავბრუნდით ამ ქვეყანაში, რათა ეს ქვეყანა ხელიდან გამოვტაცოთ მიმტაცებლებს, გამყალბებლებს, კრიმინალებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა, რომ საქართველო დააბრუნოს 90-იან წლებში. დღეს უკან დახევა ნიშნავს 90-იან წლებში დახევას, ამიტომაც ჩვენ გვაქვს ერთი გზა, მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებისკენ, სიმართლისკენ.
ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილების ქვეყანა. 31 ოქტომბრის შემდეგ, ერთი კვირაა, სახლში არ მივსულვარ და მრცხვენია, ჩემს შვილს, ჩემს ორი წლის შვილს ჩავხედო თვალებში და ვუთხრა, რომ მე არ ვიბრძოლე ბოლომდე სიმართლისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის.
ამიტომ ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ჩვენ ვერ შეგვაშინებს ეს ვითომ რეგულაციები, რომლებიც ვითომ ჩვენი კეთილდღეობისთვის არის შემოღებული, ჩვენ არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ მავნებლურ, ცრუ მოწოდებებს ჯანმრთელობის შესახებ. ამიტომაც სახლში წასვლას არ ვაპირებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ დაინიშნება თავისუფალი, სამართლიანი და ცივილიზებული არჩევნები, ამას პირველ რიგში გააკეთებს თავისუფალი თაობა“, – განაცხადა საბა ბუაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.