საბა ბუაძე - ვანო მერაბიშვილის მენეჯმენტის ქვეშ მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის სერიოზული გამოწვევაა, „ქართული ოცნება“ ამას პოლიტიკურ საფრთხობელად იყენებს
ამომრჩეველს, რომელიც დაღლილია ძველი ტიპის პოლიტიკით, გვინდა, რომ შევთავაზოთ ახალი ალტერნატივა, სადაც არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წარსულით დამძიმებული სახეებით, არც „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნები ტარდება სრულად პროპორციული სისტემით, აუცილებელია, საზოგადოებამ დაინახოს მძლავრი ალტერნატივა, რომელიც დაფუძნებული იქნება პოლიტიკურ შინაარსზე.
„ყველა კვლევაში ძალიან კარგად ჩანს, რა არის საზოგადოების მოთხოვნა. საზოგადოების მოთხოვნა არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ახალი პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ ამოცანის მისაღწევად ვაპირებთ რომ ვიმუშაოთ, რათა ძლიერი ალტერნატივა შევთავაზოთ ამომრჩეველს. ამომრჩეველს, რომელიც დაღლილია ძველი ტიპის პოლიტიკით, გვინდა, რომ შევთავაზოთ ახალი ალტერნატივა, სადაც არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წარსულით დამძიმებული სახეებით, არც „ქართული ოცნება“ და იქნებიან რეალურად კონკრეტული ღირებულებებისა და შინაარსის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ძალები.
სწორედ იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნები ტარდება სრულად პროპორციული სისტემით, აუცილებელია, საზოგადოებამ დაინახოს მძლავრი ალტერნატივა, რომელიც დაფუძნებული იქნება პოლიტიკურ შინაარსზე, ექნება კომპეტენცია და ყველანაირი რესური, რათა ის პრობლემები და გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, მოიხსნას დღის წესრიგიდან და საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და პერსპექტივას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ უნდა იყოს ახალ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობა“, ბუაძემ განაცხადა, რომ „დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მაინცდამაინც შინაარსს ვერ ასხივებს“.
„ვანო მერაბიშვილის მენეჯმენტის ქვეშ მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას და „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს იყენებს, როგორც პოლიტიკურ საფრთხობელას. გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება შინაარსზე დაფუძნებული პოლიტიკური ერთობა და პოლიტიკური პროცესი და, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მაინცდამაინც შინაარსს ვერ ასხივებს, რაც კიდევ უფრო მეტად აფერხებს მათთან თანამშრომლობის პერსპექტივას“.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.