საბა ბუაძე - უპასუხისმგებლობა და დესტრუქციაა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მაღალი ტრიბუნიდან ამბობს, რომ არჩევნები 2024 წელს იქნება
მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ეს კრიზისი ამ ქვეყნისთვის შესაძლებლობად გადაიქცევა, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„ჩვენ მოვახერხებთ და ჩვენი მეგობრების ჩართულობით ამ კრიზისიდან შეთანხმების გზით გამოვალთ. ეს შეთანხმება უფრო ფართო პოლიტიკურ შერიგებას შეუწყობს ხელს და ამ 30-წლიან ბოლშევიკურ პოლიტიკურ კულტურას ჩავაბარებთ წარსულში, სადაც საუბარი მიდის პოლიტიკური ოპოზიციის, ან გნებავთ, განსხვავებული აზრის შევიწროებაზე, განადგურებაზე და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბოლშევიკური მეთოდებით ბრძოლაზე, რაც გულისხმობს ვიღაცის დაჭერას და პოლიტიკურ დევნას. ამ პოლიტიკურ დევნას განიცდის არა რომელიმე ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, არამედ ყველა მსხვილი პოლიტიკური სუბიექტი. პოლიტიკურ დევნას განიცდის მათ შორის, ჩვენი პარტიაც, რომლის ორი დამფუძნებელი, თავმჯდომარე და გენერალური მდივანი სრულიად აბსურდული ბრალდებებით ახლა იმყოფება მიმდინარე პოლიტიკური დევნის ქვეშ“, – განაცხადა ბუაძემ.
როგორც ბუაძემ აღნიშნა, კონსენსუსის ძებნის პროცესში, „ქართულ ოცნებაში“ არიან აგრესიული პოლიტიკური ელემენტები, რომლებიც ისედაც მწვავე სიტუაციაში გამოდიან და კიდევ უფრო მწვავე განცხადებებით სიტუაციას აუარესებენ.
მისი თქმით, როდესაც ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკების პროცესი მიდის და შარლ მიშელის დატოვებულ ჩარჩოში სწორედ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაზეა საუბარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მაღალი ტრიბუნიდან ამბობს, რომ არჩევნები 2024 წელს იქნება, „რაც უბრალოდ, უპასუხისმგებლობა და დესტრუქციაა“.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მისცა თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ განცხადების გაკეთების საშუალება იმ ატმოსფერომ, რომელიც მას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობიდან გამომდინარე იქ დახვდა, საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ატმოსფერო სახეზე ეტყობოდა.
„როცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გაქვს, სადაც არ უნდა იყო, ასეთ განცხადებებს გააკეთებ. მას რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჰქონდეს, ის დღეს ამ პროცესში არ იქნებოდა ჩართული და დაკავებული იქნებოდა სიმართლის დადგენით იმ ძალიან შემაშფოთებელ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით. მას რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჰქონდეს, პროკურატურას მოუწოდებდა, გამოძიება დაწყებულიყო, თვითონ კი ამ საქმეს გაერიდებოდა. ცივილიზებულ ქვეყნებში ასე ხდება, მაგრამ როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გაქვს და არც პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა გაქვს, იქცევი ასე, როგორც იქცევა ბატონი ღარიბაშვილი. როდესაც ჩვენ გეუბნებით, რომ შეთანხმება გვინდა, შენ კი გამოდიხარ და ოპოზიციას ეძახი იმას, რასაც ხელისუფლებისგან ორი დღეა ვისმენთ, ეს არის უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბუაძემ.
საბა ბუაძემ დებატებში მონაწილე „ქართული ოცნების“ წევრის, ალუდა ღუდუშაურის შეკითხვასაც უპასუხა, მისი დაკვირვებით რა ეწერა სახეზე ჯოზეფ ბორელს.
„ბატონ ბორელს სახეზე ძალიან დიდი იმედგაცრუება ეწერა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.