„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დღეს ისტორიულ მინიმუმზეა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს არც ერთი ის მოდელი, რომელიც მათ რეალურ მხარდაჭერას წარმოაჩენს პარლამენტში. დღეს, მათი რეალური მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და სხვადასხვა კვლევების მიხედვით სადღაც, 20%-ის ფარგლებშია. ცხადზე ცხადია, ისინი ხელისუფლებას დაკარგავენ და შესაძლოა, საბოლოო ჯამში, პარლამენტში ძალიან მცირე ჯგუფად აღმოჩდნენ. ამიტომ, ამ ძალიან სერიოზული პროტესტის და გულისწყრომის საპირწონედ ისინი ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს, რაღაც ალტერნატიული მოდელები აქვთ. ყველა ასეთი შემოთავაზება საწყისშივე მარცხისთვისაა განწირული, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ არ სურს სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ბუაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ფარავს თუ არა პროპორციული სისტემის თემა იმ საკითხებს, რაზეც წესით, პოლიტიკური ჯგუფები საზოგადოებას უნდა ელაპარაკებოდნენ, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ მავნებლური პოლიტიკური ძალების მიერ პოლიტიკური კრიზისები სწორედ ამიტომ იქმნება, რათა საზოგადოებაში რეალურად არსებული პრობლემები გადაფარონ.
პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოჩნდა, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მორალური უპირატესობა აღარ აქვს.
„მათ „საჩუქრად“ და ბონუსად გადაილოცეს „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ დეპუტატები. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები იყვნენ, დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან და ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ მოსამართლეები იყვნენ, დღეს „ქართული ოცნების“ ზონდერ მოსამართლეები არიან. ამიტომ, ნუ ვისაუბრებთ იმაზე, თითქოს, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მიერ წარმოებულ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. მანკიერებებით ეს ორი პარტია აბსოლუტურად დაემსგავსა ერთმანეთს და ყველაზე სამწუხარო ეს არის. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას და ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ასე მავნებლურად მიაქანებს უფსკრულისკენ, რომლისკენაც თვითონ მიდის“, – განაცხადა ბუაძემ.
როგორც ბუაძემ აღნიშნა, თუ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ქართული საზოგადოება მესამე წრეზე წასვლის საშუალებას არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აძლევს და ამის საშუალებას ვერც „ქართული ოცნება“ მიიღებს.