საბა ბუაძე - „ქართული ოცნება“ თუ ახლაც უარს იტყვის მანდატების გაუქმებაზე, ეს იქნება ერთგვარი ნიშანი, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას განიხილავს
უკეთესი იქნება, თუ მოლაპარაკება მანდატების გაუქმებამდე მოხდება, მაგრამ მანდატების გაუქმების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები და მოლაპარაკებები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„ჩვენ ველოდით, რომ მანდატების გაუქმება მოხდებოდა ჯერ კიდევ დეკემბერში, მაგრამ ნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია რეგლამენტი და არ გააუქმა მანდატები, როგორც ჩვენ ამას ვითხოვდით. ახლა ველოდებით, რომ მანდატების გაუქმება მოხდება ერთიანად. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ახლაც უარს იტყვის მანდატების გაუქმებაზე და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ წავა, ეს იქნება ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება განიხილავს ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუმცა, ეს პროცესი არ უნდა დაემსგავსოს ოპოზიციისთვის ხელის გადაგრეხვისა და ოპოზიციის შევიწროების მორიგ რაუნდს, როგორც ხელისუფლებისგან ჩვენ ეს წინა ჯერზე ვნახეთ“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი უნდა გადაიჭრას მოლაპარაკების გზით.
„ჩვენთვის მანდატების გაუქმების საკითხი არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა პირდაპირ დაკავშირებული პოლიტიკური შეთანხმების მიღწევასთან. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ მოცემულობაში პოლიტიკური კრიზისი უნდა გადაიჭრას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების გზით. რასაკვირველია, უკეთესი იქნება, თუ მოლაპარაკება მანდატების გაუქმებამდე მოხდება, მაგრამ მანდატების გაუქმების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები და მოლაპარაკებები, რათა ყველამ დავძლიოთ ეს რთული ვითარება დ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელსაც შეუძლია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.
„ლელოს“ წარმომადგენლის თქმით, მათი სამოქმედო გეგმა უცვლელია.
„ვაგრძელებთ საუბარს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვაგრძელებთ კავშირების გაღრმავებას ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან ისევე, როგორც სერბული გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ახალი არჩევნების დანიშვნას 2022 წელს გულისხმობს. გარდა ამისა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, განვიხილავთ მწვავე პროტესტის კონსოლიდაციას და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საზოგადოებასთან, საზოგადოების ინფორმირებისთვის, იმისთვის, რომ ყველამ ერთად მოვახდინოთ ზეგავლენა ხელისუფლებაზე და დავანახოთ, რომ ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა. ჩვენი მოთხოვნები ხელისუფლებისთვის არის გაზიარებული და არის ძალიან ცხადი. მანდატების გაუქმების საკითხი ამასთან არ არის დაკავშირებული. ჩვენი მზაობა მოლაპარაკებებისთვის შენარჩუნდება, ვიდრე ვიგრძნობთ, რომ არსებობს მოლაპარაკებების რესურსი ხელისუფლებასთან“, – განაცხადა საბა ბუაძემ.