საბა ბუაძე - პარტიებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებში ვართ, გაცხადებული გვაქვს საზღვრები და საზღვრებს მიღმა ეს პროცესი მოიცავს ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც პროდასავლურ საზოგადოებას წარმოადგენენ
ინტენსიურ მოლაპარაკებებში ვართ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. გაცხადებული გვაქვს საზღვრები, რა საზღვრებში ვმოქმედებთ და ვისთან არ განვიხილავთ წინასაარჩევნო თანამშრომლობას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
როგორც ბუაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებების პროცესსა და მიმდინარეობაზე პარტიაში არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ, ვიდრე ძირითადი კონტური არ გამოიკვეთება.
„საზღვრებს მიღმა ეს პროცესი მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, არამედ სხვადასხვა ადამიანს, რომლებიც პროდასავლურ საზოგადოებას წარმოადგენენ ამ ქვეყანაში, მათ, რომლებსაც აქვთ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა. ერთიანი სიის განხილვაში არ შევდივართ, ვინაიდან ცვლილებების საუკეთესო ფორმულად მიგვაჩნია რამდენიმე ალტერნატიული, ძლიერი პოლიტიკური ცენტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი „ქართული ქარტიის“ მხარდაჭერა. ქარტიას მხარს უჭერს „ლელო“. ეს არის ძირითადი საბაზისო რეფორმები, მაგრამ ეს რეფორმები არ არის საკმარისი, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ. ამის მიღმა არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი შინაარსობრივი საკითხი და ეს არის ზუსტად პოლიტიკური კონსულტაციების ფუნდამენტური საკითხი. მოლაპარაკებების პროცესსა და მიმდინარეობაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებთ, ვიდრე ძირითადი კონტური არ გამოიკვეთება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.