საბა ბუაძე - ოპოზიცია რჩება ერთგული იმ თავდაპირველი მოთხოვნისა, რომელიც ფასილიტატორების მეშვეობით გადასცა „ქართულ ოცნებას“
ალეკო ელისაშვილზე კომენტარები ჩვენ დავასრულეთ მას შემდეგ, რაც ის „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, ოპოზიციის პოზიცია რჩება ერთგული იმ თავდაპირველი მოთხოვნისა, რომელიც ფასილიტატორების მეშვეობით გადასცა „ქართულ ოცნებას“.
„ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე. ძალიან ცოტა დრო რჩება, რათა პოლიტიკური შეთანხმება იქნას მიღწეული და ჩვენ ეს კრიზისი დავასრულოთ. ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ ახალი არჩევნების გარეშე ამ კრიზისის გადალახვა არის შეუძლებელი. ოპოზიციაში ძირითადი პოზიციები უკვე შეჯერებულია, თუმცა კონსულტაციები სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ იქნება ერთი გაფართოებული შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გვექნება საუბარი იმ სტრატეგიაზე, რომელი სტრატეგიითაც ვაპირებთ, გავაგრძელოთ ეს პოლიტიკური პროცესი და ამ ჩიხიდან ერთობლივად გამოსვლა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება დღეს არ აკეთებს არაფერს, რათა პოლიტიკური კრიზისი იქნას დაძლეული, მთელი ტვირთი არის ახლა ოპოზიციაზე, რომ მოვახერხოთ და ეს კრიზისი მინიმუმამდე დავიყვანოთ. თუმცა ხელისუფლების გარეშე ცხადია, შეთანხმება ვერ მოხდება და ვერც ეს პოლიტიკური კრიზისი ვერ დასრულდება. ჯერ შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ გვაქვს, თუმცა ის რომ შეხვედრა აუცილებლად გაიმართება, შემიძლია, გითხრათ“, – განაცხადა საბა ბუაძემ.