საბა ბუაძე - მეეჭვება, „გირჩის“ გეგმას ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს, ჯიმ ქერის ფილმებს სიცილის გარეშე ხომ ვერ შეხედავ, ასევე მათ კომენტარებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი საბა ბუაძე არასერიოზულად მიიჩნევს პარტია „გირჩის“ მიერ ხელისუფლებისთვის წარდგენილ 7-პუნქტიან გეგმას.
ბუაძე ამბობს, რომ არსებული კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული გეგმის განხორციელებაა.
„ჩვენი ძირითადი ყურადღება ფოკუსირებულია მიშელის მიერ შემოთავაზებულ ექვსპუნქტიან გეგმაზე, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა. „გირჩის“ შემოთავაზებული 7-პუნქტიანი გეგმაა თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ვეჭვობ, ამას სერიოზულად აღიქვამდეს ვინმე, როგორც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალებას. მიხარია, რომ ვიღაც ამ კრიზისის ფონზე ჯერ კიდევ კარგ გუნებას ინარჩუნებს და შეუძლია, ასეთი კომედიური მოქმედებებით საზოგადოება გაახალისოს. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაძლევს შექმნილი სიტუაცია ოპტიმიზმის საფუძველს და ზუსტად ამიტომ, ამ რაღაც სასაცილო ინიციატივებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჯიმ ქერის ფილმებს სერიოზულად ხომ ვერ შეხედავ, სიცილის გარეშე, და ასევე, სერიოზულად მათ კომენტარებს პირადად მე ვერ აღვიქვამ“, – განაცხადა საბა ბუაძემ.