საბა ბუაძე - „ლელოს“ მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით მოლაპარაკებები არ უნდა გაიმართოს
ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, ირაკლი ღარიბაშვილის ამ პროცესში მონაწილეობა, პროცესისთვის იქნება დამაზიანებელი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, „ლელოს“ მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის მონაწილეობით მოლაპარაკებები არ უნდა გაიმართოს.
„ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით „ლელო“ მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს და „ქართულ ოცნებასაც“ მოვუწოდებთ, რომ ამ ძალიან საგანგაშო კრიმინალურ ეპიზოდს მალე გასცენ პასუხები, მათ შორის პროკურატურის მიერ, რომ მოლაპარაკებების პროცესს არ დაემუქროს საფრთხე. ეს ოპოზიციის ერთიანობაზე არ მოქმედებს. ჩვენს მოთხოვნებში და სულისკვეთებაში ვრჩებით ისევ ურყევად ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომელიც ოპოზიციამ ერთიანად ჩამოაყალიბა, ჩვენი პოზიცია რჩება იგივე. ამიტომ, ეს ოპოზიციის ერთიან ბრძოლას საფრთხეს არ უქმნის. ოპოზიციამ კომპრომისთან დაკავშირებით მზადყოფნა არაერთხელ გამოთქვა. ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური დევნის პირობებში, ჩვენი ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან. ეს რასაკვირველია, არის ძალიან დიდი პოლიტიკური, მორალური და ადამიანური კომპრომისი. გარდა ამისა, ჩვენ შევცვალეთ ყველა საპროტესტო ღონისძიება, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ამ მოლაპარაკებებისთვის და ამასთან ერთად გამოვთქვით სხვადასხვა ვარიანტები, რათა ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ. ეს არის საკმარისზე მეტი კომპრომისი, თუ ხელისუფლების შიგნით არსებობს შეთანხმებისა და პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებების გზით დასრულებით სურვილი, ეს ასეც მოხდება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.