საბა ბუაძე - კონკრეტულ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ საპროტესტო აქციები ვერ მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება
საბა ბუაძე - კონკრეტულ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ საპროტესტო აქციები ვერ მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება

ცხადია, ვენდობით კონსილიუმის დასკვნას. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მოხდეს სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა, იქნება ეს საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყოველდღიურად აჩვენებს თავის სახეს.

„ციხეში მყოფი ადამიანის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის, ვისმენთ ძალიან ცინიკურ განცხადებებს, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ უფრო მეტად მეტყველებს, ვიდრე ციხეში მყოფ ადამიანს. სამედიცინო საზოგადოებაში კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერ იღებს ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას საპატიმროში და უნდა მოხდეს მისი გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ეს დაადასტურა სახალხო დამცველთან არსებულმა დამოუკიდებელმა კონსილიუმმა და ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, რომ სხვაგვარად ვივარაუდოთ. ამიტომ, ცხადია, ვენდობით კონსილიუმის დასკვნას. უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ყველაფერი, რომ მოხდეს სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა, იქნება ეს საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ბუაძემ.

ამასთან, საბა ბუაძის განცხადებით, დღეს საპროტესტო აქციები შედეგს ვერ მოიტანს.

„ცხადია, რომ საპროტესტო აქციები არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ლეგიტიმური ინსტრუმენტი, თუმცა ჩვენ ამ კონკრეტულ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ საპროტესტო აქციები ვერ მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამ ეტაპზე აქციები არ მიგვაჩნია ყველაზე ხელსაყრელ ბრძოლის მეთოდად. ჩვენი ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული ისეთ ღონისძიებასა და ქმედებაზე, რომელიც მოიტანს შედეგს. უშედეგო პოლიტიკური სვლები სამწუხაროდ საზოგადოებაში იწვევს დამატებით უიმედობის გაღრმავებას“, – განაცხადა ბუაძემ.

დღეს მიხეილ სააკაშვილის ძმებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც უწყვეტი აქციები დაანონსეს.