საბა ბუაძე - ხელისუფლების ცვლილების გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ სანდო ალტერნატივა და ამის შექმნაში „ლელო“ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს
ხელისუფლების ცვლილების გასაღები სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ საზოგადოებას შევთავაზოთ მრავალფეროვანი, სოლიდური, კომპეტენტური და სანდო ალტერნატივა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ალტერნატივის შექმნაში „ლელო“ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
„ყველა ცდება, ვისაც უნდა პარტიების მექანიკური გაერთიანება. პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება უნდა გავაერთიანოთ კონკრეტული ღირებულებების, ამოცანების ირგვლივ და არ უნდა ვეცადოთ პარტიების მექანიკურ დაჯგუფებებს. ცვლილებები, რომლებიც პარტიებს შორის არსებობს, არის ძალიან ნათელი. ხელისუფლების ცვლილების გასაღები სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ საზოგადოებას შევთავაზოთ მრავალფეროვანი, სოლიდური, კომპეტენტური და სანდო ალტერნატივა. ამ ალტერნატივის შექმნაში „ლელო“ ითამაშებს ძალიან მნიშვნელოვან როლს“, – განაცხადა ბუაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ღირებულებით თანხვედრაზე საუბრისას ბუაძემ აღნიშნა, რომ ღირებულებების სახელით როდესაც საუბრობს მერაბიშვილი, ის რჩება პოლიტიკურ წარსულში.
„ერთი არის ღირებულებები და მეორეა, ვინ დგას ამ პარტიაში, ვინ საუბრობს ამ ღირებულებების სახელით. ღირებულებების სახელით როდესაც საუბრობს ვანო მერაბიშვილი, ჩემთვის და „ლელოსთვის“ ვანო მერაბიშვილი ასოცირდება ტელევიზიების დარბევასთან, ადამიანების უფლებების სისტემურ შებღალვასთან, ძალიან ცუდ პოლიტიკურ წარსულთან. ამიტომ ჩემთვის ის რჩება პოლიტიკურ წარსულში. წარსულის ადამიანებთან მომავალზე საუბარი არის შეუძლებელი. ვანო მერაბიშვილის ირგვლივ ვინც არის, ძალიან ცხადად და დაუფარავად ამბობს. ამ პოლიტიკურ ბანაკში ვინც მოიაზრებს საკუთარ თავს, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. გაერთიანება უნდა იყოს ღირებულების და შინაარსის ირგვლივ, მაგრამ სხვები გვიბიძგებენ მექანიკური გაერთიანებისკენ წარსულის ოდიოზურ ადამიანებთან“, – განახცადა ბუაძემ.
რაც შეეხება თაკო ჩარკვიანთან თანამშრომლობას, ბუაძე ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია.
„ძალიან ცალსახა და თავისთავადია ის მიზეზები, რაც განასხვავებს თაკო ჩარკვიანს, მერაბიშვილს, ახალაიებს და მეორე მხარეს – „ლელოს“ და იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს ევროკავშირში ხილვა უნდათ“, – აღნიშნა ბუაძემ.