საბა ბუაძე - დავით გარეჯი ნამდვილად საქართველოა და ჩვენთვის ტერიტორიის ეს ნაწილი სადავო არ არის
დავით გარეჯი ნამდვილად საქართველოა და ჩვენთვის ამ ტერიტორიის ეს ნაწილი სადავო ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ ივერი მელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანთან ეს პრობლემატურ საკითხად რჩება და უმჯობესი იქნება, ხელისუფლებამ მოაგვაროს.
„მე ვერ გეტყვით, მე თვითონ არ ვარ კარტოგრაფი, ამიტომ ამ რთულ სამეცნიერო დეტალებში შესვლა გამიჭირდება, თუმცა ის, რომ ადამიანებს სრულიად აბსურდული ბრალდება წარუყენეს და იქ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, დადასტურებით შემიძლია გითხრათ.
დავით გარეჯი ნამდვილად საქართველოა და ჩვენთვის ამ ტერიტორიის ეს ნაწილი სადავო ნამდვილად არ არის, თუმცა სამწუხაროდ, აზერბაიჯანთან ეს პროცესი არ არის ბოლომდე მიყვანილი. კარგი იქნება თუ ხელისუფლება საკუთარ ძალისხმევას ამ მწვავე საკითხების მოგვარებას დაუთმობს და არა საქართველოში პოლიტიკური დევნის გაძლიერებას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ამასთან, ივერი მელაშვილმა განაცხადა: „როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“.