საბა ბუაძე - ჩვენი პოზიცია იგივეა, „ლელო“ მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება
„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, „ლელოს“ პოზიცია უცვლელია და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებენ.
როგორც ბუაძემ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ლელო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეუქმნან საფრთხე მოლაპარაკებების პროცესს, დროულად გამოიძიონ ჩანაწერების საკითხი, დაადგინონ ავთენტურობა, რათა კითხვებს პასუხი გაეცეს.
საბა ბუაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი არ უნდა გახდეს.
„ჩვენი პოზიცია იგივეა. ჩვენ დღეს შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება შოკისმომგვრელი ძალადობის ეპიზოდების გამოძიების მოთხოვნით. ღარიბაშვილთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია გაცხადებული გვაქვს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ღარიბაშვილს და ასეთ საშიშ კრიმინალურ ეპიზოდებში შესაძლო გარეულ ადამიანებს ნუ აქცევენ მოლაპარაკებისთვის საფრთხის შემცველ ფაქტორად და განხეთქილების ვაშლად. „ლელოს“ პოზიცია რჩება იგივე, ჩვენ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, არ მოხდეს ისე, რომ ღარიბაშვილის ფაქტორით, რომელიც ამ მოლაპარაკებებში ისედაც არ მონაწილეობდა, საფრთხე შეექმნას მოლაპარაკებებს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მივმართეთ განცხადებით. ვიდრე არ დადგინდება ამ საკითხზე ჭეშმარიტება, მნიშვნელოვანია, ღარიბაშვილი გაიწიოს დაკავებული თანამდებობიდან და არ შეუქმნას საფრთხე გამოძიებას. ღარიბაშვილი არ უნდა გადაიქცეს მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძვლად. „ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
საბა ბუაძის განმარტებით, არსებულ ვითარებაში „ლელო“ პირველი მნიშვნელობის სკაითხად მიიჩნევს მოლაპარაკებების შეთანხმების გზით დასრულებას.
„ზუსტად იმიტომ, რომ არ დაემუქროს საფრთხე მოლაპარაკებების პროცესს, ადამიანი, რომელიც, დიდი ალბათობით, მონაწილეობს მრავალეპიზოდიან სისხლის სამართლის დანაშაულში, არ უნდა გახდეს მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი. ამიტომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ღარიბაშვილს ნუ გადააქცევენ განხეთქილების ვაშლად“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.
ამასთან, საბა ბუაძის თქმით, მოლაპარაკებებზე და ყველა საკითხზე, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას წარუდგენს, მჭიდრო ერთიანობაა.
„რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ერთად ვითხოვთ პოლიტიკური დევნის დასრულებას და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას. ტაქტიკურ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლოა, გვქონდეს განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებებს უნდა შეექმნას საფრთხე, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ზუსტად იმიტომ, რომ მოლაპარაკებებს არ შეუქმნას საფრთხე და ისედათ რთული ფონი არ გაართულოს, ღარიბაშვილი და კრიმინალურ ეპიზოდებში დიდი ალბათობით მონაწილე ადამიანები არ უნდა იყვნენ მოლაპარაკებებისთვის საფრთხის შემცველი ფაქტორი“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, ბუაძის თქმით, 20 მარტს დაგეგმილი აქცია ძალაში რჩება.
„ჩვენ ველოდებით, რომ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდეს. ზუსტად ამიტომ გადავწიეთ 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის. ამ აქციასთან დაკავშირებულ დეტალებს საზოგადოებას მომავალში აუცილებლად მივაწოდებთ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს აქცია ძალაში რჩება“, – დასძინა საბა ბუაძემ.