საბა ბუაძე - ჩვენი პარტნიორების მოწოდებების პირველი ადრესატი არის „ქართული ოცნება“, რომელმაც პოლიტიკური კრიზისი შექმნა
პარტია „ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების ადრესატი, პირველ რიგში, „ქართული ოცნებაა“.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია უკვე შეთანხმდა ხელახალ არჩევნებზე, ახა შემხვედრი ნაბიჯი „ქართულმა ონებამ“ უნდა გადადგას.
„როდესაც პარლამენტის კედლებში არჩევნების გაყალბებაზე ვმსჯელობთ, აქ საჭიროა არსებობდეს მექანიზმი, რომ ამ სისხლის სამართლის დანაშაულზე მოხდეს რეაგირება და ეს პოლიტიკური კრიზისი დაძლეული იქნას. მაშინ, როდესაც სასამართლო და პროკურატუტა ბიძინა ივამიშვილისაა და თამარ ჟვანია პირდაპირ ასრულებს „ქართული ოცნების“ ყველა დაკვეთას, რომელ ინსტიტუციურ და ფორმალურ პროცესზე ვსაუბრობთ. ეს ჩვენი მხრიდან იქნება თავის მოტყუება და იმ ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რომელიც მოვიდა და ოპოზიციას დაუჭირა მხარი. ასეთი ამომრჩეველი არის ჩვენი მოსახლეობის 52 პროცენტი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებული არიან იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიდის და მე მგონია, ამ მოწოდებების პირველი ადრესატი არის „ქართული ოცნება“, რომელმაც პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ახლა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები. ჩვენ ეს პოზიცია ფართო პოლიტიკურ სპექტრში შევაჯერეთ, ძალიან სერიოზული კონსულტაციების შედეგად და ახლა ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“, რომელმაც ქართველი ხალხის მიმართულებით უნდა გადმოდგას საპასუხო და შემხვდრი ნაბიჯები“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოთხმა ევროპარლამენტარმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ საჭირო კომპრომისი“.