საბა ბუაძე - ჩვენ მზაობა განვაცხადეთ, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგებოდა, მას ყველაზე მნიშვნელოვანი აკლდა, ეს არის ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება
ყველა პუნქტთან დაკავშირებით მხარეებს შორის თუ არ იარსებებს მზაობა კონსენსუსის, ბუნებრივია, კრიზისი ვერ გადაიჭრება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ხელისუფლებისგან განსხვავებით მოლაპარაკების პროცესს უფრო ოპტიმისტურად ვუყურებდით და ვუყურებთ. სამ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტთან დაკავშირებით განვაცხადეთ მზაობა და თანხმობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ კიდევ განხილვის საგანია, ჯერ კიდევ უნდა შეთანხმდეს, ეს არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური დევნის დასრულება და პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ოპტიმიზმით მოლაპარაკებების მოლოდინს, თუმცა „ქართული ოცნებისგან“ მთელი ეს პერიოდი გვესმის დამაზიანებელი განცხადებები. ყველა პუნქტთან დაკავშირებით მხარეებს შორის თუ არ იარსებებს მზაობა კონსენსუსისთვის, ბუნებრივია, კრიზისი ვერ გადაიჭრება. ამიტომაც ცალკეულ საკითხებს მოწყვეტილად არ განვიხილავთ“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
მისივე თქმით, პოლიტპატიმრებზე გარკვეული თანხვედრა იყო, მაგრამ ეს ნაწილიც არ იყო ბოლომდე შეჯერებული, რადგან „ქართული ოცნება“ ამ ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობას აგრძელებს.
„მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური დევნის საკითხი ერთმნიშვნელოვნად უნდა გადაწყდეს და არა ფრაგმენტულად, როგორც ამას „ოცნება“ გვთავაზობს. ჩვენ იმ პუნქტებზე მზაობა განვაცხადეთ, რაც იყო წარმოდგენილი, მაგრამ შეთანხმება სრულად ვერ შედგებოდა, მას ყველაზე მნიშვნელოვანი აკლდა, ყველა პუნქტი უნდა იყოს ერთობლიობაში ხელმოწერილი. ეს არ არის ოპოზიციის ახირება ჩვენ ამ პუნქტებს დავთანხმდით და „ქართული ოცნება“ იყო ის ძალა, რომელიც მედიატორის წარმოდგენილ არც ერთ პუნქტს არ დათანხმდა და ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა“, – განაცხადა ბუაძემ.
კითხვაზე, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ყველზე დესტრუქციული იყო „ლელო“, საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილის სიტყვის ფასი საზოგადოებამ კარგად იცის და მის ამ განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს.
„ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო ტრიბუნებიდან მათ ამ ურჩობას ექნებოდა კონკრეტული და მაღალი ფასი, რომელსაც გადაიხდიდა ქვეყანა. ის, რომ ევროპარლამენტარებიდან სანქციებისა და ფინანსური შეზღუდვების დაწესებაზეა საუბარი, ამისი აღიარება. აქვე ევროპელი კოლეგები აკისრებენ პასუხისმგებლობის მეტ წილს ხელისუფლებას, რომელთა დესტრუქციულობა ევროპარლამენტარებმაც და სხვებმაც კარგად ნახეს მთელი ამ ხნის განმავლობაში“, – განაცხადა ბუაძემ.
კითხვაზე, ამ გადასახედიდან, მოაწერს თუ არა პარტია „ლელო“ შეთანხმებას საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ ძალიან უპასუხისმგებლო იქნება ჰიპოთეტურ სცენარებზე საუბარი, მით უფრო ნაკლებად სავარაუდო ჰიპოთეტურ სცენარებზე.
„ჩვენ ვამბობთ, მზად ვართ, მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, ხელისუფლება უნდა დაბრუნდეს მაგიდასთან და მხოლოდ კონსენსუსით და შეთანხმებით გადაწყდეს ეს კრიზისი“, – განაცხადა ბუაძემ.