საბა ბუაძე - არასასიამოვნო გზავნილები, რომლებიც ხელისუფლებისგან გვესმის, უპირისპირდება მოლაპარაკებების სულისკვეთებას და ვითარებას ართულებს
„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, როგორც აქვთ ინფორმაცია, შესაძლოა, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეხვედრის მომდევნო რაუნდი ხვალ გაიმართოს, თუმცა ვითარება უცვლელია და მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის.
„ამ ყველაფერს ემატება ის არასასიამოვნო რიტორიკა და გზავნილები, რომელიც გვესმის ხელისუფლებისგან, რაც უპირისპირდება მოლაპარაკებების სულისკვეთებას და სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. ირაკლი კობახიძე რამდენიმე კვირის განმავლობაში ამტკიცებდა, დეპუტატების პარლამენტიდან არგაშვება არის კონსტიტუციური მექანიზმი, რომელიც შანტაჟის საწინააღმდეგოდ იყო, ამ ადამიანმა ტოტალურად ერთ დღეში გადათქვა მოცემული პირობა და პოზიცია, რაც ადასტურებს, თუ რამხელა ფასი აქვს ირაკლი კობახიძის სიტყვას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ბუაძის თქმით, ახლა სრულიად შემოტრიალდა „ქართული ოცნების“ პოზიცია უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, ოპოზიციის პრინციპული პოზიციის საპასუხოდ, „ქართული ოცნებისგან“ ხელის გადაგრეხვის რიტორიკა ისმის.
„როგორც ჩანს, მისმა უფროსობამ გადაწყვიტა სხვაგვარად და ახლა სრულიად შემოტრიალდა „ქართული ოცნების“ პოზიცია უფლებამოსილების შეწყვეტასთან დააკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალით ოპოზიციას ვერავინ შეაკავებს და ეს ძალიან კარგად იცოდნენ, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში საკუთარი ამომრჩევლისთვის პოზიორობდნენ. ოპოზიციას აქვს უფლება, არ მიიღოს მონაწილეობა ამ ტყუილში და გაემიჯნოს ამ პროცესს უფლებამოსილების შეწყვეტის ფორმით. ოპოზიციის პრინციპული პოზიციის საპასუხოდ, „ქართული ოცნებისგან“ გვესმის ხელის გადაგრეხვის რიტორიკა, ჯერ აამოქმედეს პოლიტიკოსების სასამართლო პროცესები და პოლიტიკური დევნის გააქტიურებას ეცადნენ. როდესაც ნახეს, რომ ეს არ მოქმედებს, ახლა ცდილობენ, დაფინანსების წესი კანონმდებლობის დარღვევით შეცვალონ, რათა რამენაირად მოახერხონ, ოპოზიცია შეაშინონ და ძალით შეიყვანონ პარლამენტში.
ეს მეთოდი არ იმუშავებს, ამ სისულელის ბოდვის არავის ეშინია, ამ მეთოდებით ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარი თავის მარგინალიზებას შეუწყობენ ხელს, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ძალიან წარმატებით ახორციელებენ, ეს არის ბოდვითი აშლილობის მორიგი სერია. ერთპარტიული „ქართული ოცნების“ პარლამენტის პირობებში საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ტოტალური ფარსი. ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისია გამოიძიებს ამ საკითხს, მერე გააგზავნიან ამ საკითხს შოთაძესთან, შოთაძეს ტვინი გადაუბრუნდება და გადააგზავნის მურუსიძესთან, ჩინჩალაძესთან, ეს არის უბრალოდ ტრაგიკომიკური მდგომარეობა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერთპროცენტიანი გადახრის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი, გამოაცხადებენ რიგგარეშე არჩევნებს.