საბა ბუაძე - ახალი პოლიტიკური პლატფორმის მთავარი შემკრები იქნება „ლელო“, ეს აუცილებლად ასე იქნება, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის გაძლიერებისთვის ვხედავ ჩვენი ძალისხმევის გააქტიურების რესურსს
საბა ბუაძე - ახალი პოლიტიკური პლატფორმის მთავარი შემკრები იქნება „ლელო“, ეს აუცილებლად ასე იქნება, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის გაძლიერებისთვის ვხედავ ჩვენი ძალისხმევის გააქტიურების რესურსს

ახალი პოლიტიკური პლატფორმის მთავარი გამაერთიანებელი და შემკრები იქნება „ლელო“, ეს აუცილებლად ასე იქნება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მე სწორედ ამ მიმართულებით ვხედავ ჩვენი ძალისხმევის გააქტიურების რესურსს, რომ სწორედ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი გავაძლიეროთ. ყველაფერი აჩვენებს, რომ ხალხს „ქართული ოცნება“ აღარ უნდა, არ უნდა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება, მაგრამ არც წარსულში აღარ უნდა; აღარ უნდა არც მერაბიშვილ-ადეიშვილის მმართველობა, არც ის სისტემური დანაშაული, ადამიანის უფლებების შებღალვა და გათელვა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულზე ჯანსაღ რეფლექსიას გააკეთებდა, კიდევ იარსებებდა რაღაც დისკუსიის რესურსი, მაგრამ ვანო მერაბიშვილის რეინკარნაცია და რეაბილიტაცია რომ ხდება, ეს, მე მგონი, ყველაზე მწვავე კრიზისის დამადასტურებელი სიმპტომია ამ პარტიაში“, – განაცხადა ბუაძემ.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით „ლელოს“ კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა პარტიასთან.

„ახლა ძალიან ნაადრევი იქნება იმაზე საუბარი, სად, ვისთან და რა ფორმით გვექნება თანამშრომლობა, თუმცა მთავარი, ასე ვთქვათ, საგზაო რუკა და სამოქმედო გეგმა ამ ვითარებაში არის სწორედ ღირებულებითი ერთობა და შინაარსზე დაფუძნებული პოლიტიკური დღის წესრიგი“, – განაცხადა ბუაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ესახება 5%-იანი ბარიერის გადალახვა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის თუ გაერთიანების გარეშე, რადგან ამ პარტიას ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე დიდი ელექტორატი ჰყავს და როგორ შეაფასებს ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებას, რომ მცირე პარტიები სათანამშრომლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უნდა მივიდნენ და ის მზად არის, პატარა პარტიებს მცირე რეიტინგების გაზრდაშიც დაეხმაროს, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევდა, კეთილი სურვილები, რომელიც მათ შიგნით არსებობს, საკუთარი პარტიის გაძლიერებას და პარტიაში შიდა კონფლიქტების ჩახშობას მოახმარონ.

„დანარჩენი ოპოზიცია თავის გზას იპოვის და ეს მათი კეთილი რჩევები ნამდვილად არავის არ სჭირდება. იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არ არის საუკეთესო ფორმაში. მე ვფიქრობ, ამ პარტიის დაშლის პროცესი მიდის, რაც ძალიან თვალსაჩინოა. იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტია არის, როცა შენ რაღაც გაერთიანებს და როდესაც დაშლის პროცესი მიდის, როგორც ჩანს, გამაერთიანებელი ფაქტორები ამ პარტიაში მცირდება და ჩვენ პირიქით, ვეძებთ შეხების და გაერთიანების წერტილებს იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებისთვისაც მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ უნდა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იყოს მომავალი წლების განმავლობაშიც, კი ბატონო, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ გვინდა ხელისუფლების ცვლილება და „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ჩანს, უნდა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსი შეინარჩუნოს. ეს არის მათი მთავარი ამოცანა, როგორც ჩანს. მე არ ვფიქრობ, რომ ბარიერი იქნება ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი საკითხი. მთავარია, ჩვენ შევჯერდეთ იმ ღირებულებებზე და გეგმებზე, რაც გვაერთიანებს და, ცხადია, საზოგადოება დაინახავს ძალიან მძლავრ, სერიოზულ ალტერნატივას“, – განაცხადა ბუაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იქნებოდა თუ არა უკეთესი მთელი ოპოზიციური სპექტრის მობილიზება წინასაარჩევნოდ და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით შეტევა, რადგან რამდენიმე პარტიამ „ლელოს“ უსაყვედურა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სხვადასხვა კოალიციის თუ ალიანსის შექმნის დაანონსება და დაქსაქსულობა ხელისუფლების ინტერესში შედის, ბუაძემ აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენაა.

„რას ნიშნავს დაქსაქსულობა? მექანიკური გაერთიანებების დრო რით ვერ დამთავრდა და ეს რაღაც პოლიტიკური რომანტიზმი რით ვერ დავასრულეთ? რის გარშემო ვერთიანდებით, ამას აღარ ვკითხულობთ? ამომრჩეველი ამას ძალიან კარგად ხვდება, რომ ჩვენ რაღაცამ უნდა გაგვაერთიანოს და არ არის დღეს საკმარისი ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანება იმისთვის, რომ საზოგადოებამ ირწმუნოს ამ ცვლილებების რეალურობა. აუცილებელია, ჩვენ გაგვაერთიანოს საკითხებმა. იმისთვის, რომ ალტერნატივა იყოს სოლიდური, რეალური და ხელშესახები, ხალხმა უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს ხალხი რომ მოვა, როგორი იქნება მათი ცხოვრება; უნდა წარმოიდგინოს, ვინ რას გააკეთებს; უნდა იცოდეს, პირველი ასი დღე როგორი იქნება ამ ქვეყანაში, ივანიშვილის სახლში გაშვების მერე“, – განაცხადა საბა ბუაძემ.