საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზები ინტენსიურად იწმინდება, იყრება ტექნიკური მარილი და დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უამინდობის გამო, საქართველოს მასშტაბით შეზღუდვები სხვადასხვა საგზაო მონაკვეთზე დაწესდა.
„როგორც ცნობილია, წუხელ ღამით დაიწყო ინტენსიური თოვა. ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესდა შეზღუდვები. ძირითადად ეს შეზღუდვები მოიცავდა მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტს, რომლებიც მაღალმთიანი გზების მიმართულებით იყო დაწესებული“, – აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პავლე გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მოძრაობა აკრძალულია კობი-გუდაურის მონაკვეთზე, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზვავსაშიშროებაა.
„ასევე მოძრაობა აკრძალულია წალკა-ნინოწმინდის მიმართულებით, ფარავნის უღელტეხილზე, სადაც ქარბუქია და ცუდი ხილვადობის გამო, აქაც მიღებულ იქნა რეკომენდაცია მოძრაობის დროებით შეზღუდვაზე. დანარჩენ მიმართულებაზე ინტენსიურად იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი და ამ ეტაპისთვის შეფერხება არ გვაქვს. გომბორის უღელტეხილზე იყო ღამით დაწესებული შეზღუდვა, აქაც ქარბუქი და ცუდი ხილვადობა იყო. ამ ეტაპზე დაწესებულია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე. დღის განმავლობაში აღნიშნული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხდება შემსუბუქება“, – განაცხადა პავლე გამყრელიძემ.