საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტი ორმხრივ რეჟიმში მოძრაობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო.
„სოფელ ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან ძლიერი წვიმის შედეგად ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.