საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთაში, არმაზის ქუჩაზე სამუშაოების ნაწილი მიმდინარე კვირაში დასრულდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთაში, არმაზის ქუჩაზე სამუშაოების ნაწილი მიმდინარე კვირაში დასრულდება

მცხეთაში, არმაზის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოში ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა ვაჟა ადამიამ განაცხადა, დაქირავებული კომპანიისგან აქვთ მიღებული პირობა, რომ საგზაო სამუშაოების ნაწილი მიმდინარე კვირაში შესრულდება.

მისივე თქმით, სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიას სპეციალური მანქანებით მორწყავენ, რათა მცხოვრებლები მტვერმა არ შეაწუხოს.

„კომპანია, რომელიც არის ამ სამუშაოების შემსრულებელი, გვაძლევს პირობას, რომ ამ კვირის ბოლომდე იქნება გზა დაგებული. ქვედა ფენაში მოექცევა საფარი, გზა იქნება განვლადი. ვიდრე ასფალტი დაიგება, მანამდე ყოველდღიურად, მთელი დღის განმავლობაში ივლის მანქანა, რომელიც მორწყავს გზას, შეამცირებს მტვერს და მოსახლეობას აღარ შეუქმნის დისკომფორტს. მესმის მოსახლეობის განწყობა. ძალიან რთულია ამ პირობებში ცხოვრება, მათ აქვთ საფუძვლიანი პროტესტი, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, დროულად დაიგოს ასფალტი, რათა მოსახლეობა მოვუხსნათ დისკომფორტი. კომპანია გეგმავს თავის სამუშაოებს, თავისი გეგმა გრაფიკით მოხდა აცდენა. ჩვენ ამაზე რეაგირებას ვახდენთ და კომპანიას ვთხოვთ, დროულად დაასრულოს სამუშაოები. სამუშაოების დასრულების ვადა არის 6 აგვისტო. თუ ვერ დასრულდება, ისევ საჯარიმო სანქციები დაუწესდება“, – განაცხადა ვაჟა ადამიამ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები მიმდინარე კვირაში არ შესრულდება, პროტესტის უფრო მწვავე ფორმას მიმართავენ.