საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეუფერხებლად ხორციელდება
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნულ გზაზე 19:00 საათიდან მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი დადგენილი რეჟიმის შესაბამისად მოძრაობს.
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილის 7 საათიდან დაიწყო. დღის პირველ ნახევარში, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებული იყო მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან. ამ ეტაპზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეუფერხებლად ხორციელდება. 19:00 საათიდან კი მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი დადგენილი რეჟიმის შესაბამისად მოძრაობს.
ამასთან, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს.
ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით: მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია; მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია; საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ასევე, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დასრულდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მონაკვეთზე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.