საავტომობილო გზების დეპარტამენტი - შიომღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა.
„რეაბილიტირებული მონაკვეთი შიომღვიმის მონასტერთან მისასვლელი გზაა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზა გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე.
პროექტის ფარგლებში განახლდა საგზაო საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები და კიუვეტები. ასევე, განახლდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
შიომღვიმესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.