საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე არსებულ ვითარებაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე), სპეციალისტების მხრიდან მუდმივი მონიტორინგის პირობებში, გამოვლინდა ადგილი, საიდანაც შეიძლებოდა, განვითარებულიყო ქვათაცვენა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინათ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
„ფერდის არამყარი მასის ჩამოშლის პროვოცირების შედეგად ჩამოსულია მიწის მასა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის წმენდის და გაგანიერების ინტენსიური სამუშაოები.
ამ დროისათვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის პერიოდში მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.