საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩოხატაური-ზომლეთის გზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩოხატაური-ზომლეთის გზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტს ჩოხატაური- ზომლეთის 11 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს მივაწოდეთ ინფორმაცია გზის ცალკეული მონაკვეთების დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით, სიუჟეტის ავტორები, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესებისათვის, მანიპულაციითა და უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით კვლავ ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
საქმე ისაა, რომ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, რეაბილიტირებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ზომლეთის 11 კმ-იანი საავტომობილო გზის ხუთ ცალკეულ მონაკვეთზე, ჯამში, 215 მეტრზე, 2023 წლის შემოდგომაზე გურიაში განვითარებულმა სტიქიამ დააზიანა გზის სავალი ნაწილი.
ამ ეტაპზე გრძელდება მეწყრული პროცესებისგან დაზიანებულ მონაკვეთებზე დაკვირვება და, ბუნებრივია, დაზიანებულ მონაკვეთებზე ჩატარდება საჭირო სამუშაოები, მას შემდეგ, რაც ამ პროცესებით გამოწვეული ჯდენები სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს.
ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები არ აქვს მიღებული მიღება-ჩაბარების აქტით და არ არის ანაზღაურებული სამუშაოს ღირებულება. შესაბამისად, კონტრაქტორ კომპანიას აქვს როგორც რაიმე ხარვეზის გამოსწორების, ისე მეწყრულ მონაკვეთებზე დაკვირვებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება.
ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 11 კმ-მდე გზაზე მოეწყო ახალი წყალგამტარი რკინა-ბეტონის ხელოვნური ნაგებობები, ფერდის დამჭერი რკინა- ბეტონის საყრდენი კედლები და ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.