საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა, მეტროსა და ავტობუსის გარდა, მიკროავტობუსებითაც იქნება შესაძლებელი
საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა, მეტროსა და ავტობუსის გარდა, მიკროავტობუსებითაც იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არის დაახლოებით ორწლიანი რეფორმა, რომელიც ახალი სისტემით მუშაობას დაახლოებით 2021 წლის ზაფხულში დაიწყებს.
„ავტობუსებსა და მეტროში არის ინტეგრირებული გადახდის სისტემა, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად, მგზავრმა ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური და საათნახევარი გადაჯდომის შემთხვევაში, მეტროში აღარ იხდის მგზავრი. საათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება ასევე მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას. ეს არის დაახლოებით ორწლიანი რეფორმა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უკვე ახალი სისტემით დაიწყებს მუშაობას. დეტალური გაანგარიშება ჯერ არ არის გაკეთებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ ერთადერთი რამ – საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს რა თანხაც იკრიბება მგზავრებიდან, იგივე თანხა მოიკრიბება მომავალშიც, არ მოხდება უფრო მეტი თანხის ამოღება მგზავრებიდან, ვიდრე ეს ხდება დღეს. მოხდება შეწონილი ტარიფის განსაზღვრა, რომელზეც ჯერ არავინ არ ვართ მზად, რომ ვთქვათ, რა მოუვა ამ ციფრებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს სწორება იმაზე, რომ რა თანხის მოკრებაც ხდება დღეს მგზავრებიდან მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და მეტროს საშუალებით, ეს ზღვარი იქნება დაცული“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.