საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა და დეკემბერში 194.8 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარი იყო, დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი 194.8 ლარზე დაფიქსირდა.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 0.8 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 172.5 ლარს შეადგენს. ლარითა და 30 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი დეკემბერში და 326.8 ლარზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, სულადობის მიხედვით გასული წლის დეკემბერში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 172.5 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 276.1 ლარით, სამსულიანზე – 310.6 ლარით, ოთხსულიანზე – 345.1 ლარით, ხუთსულიანზე – 388.2 ლარით, ექვსსულიანი და მეტი – 459.0 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან, – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.