საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატში პარლამენტში რეგიონული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელებენ
საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობა გაიმართება იმასთან დაკავშირებით, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების შემთხვევაში, როგორი იქნება რეგიონული წარმომადგენლობა პარლამენტში.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რეგიონულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით კონკრეტული მოდელი იქნება შემუშავებული.
„სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობა იქნება იმაზე, როგორ შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული წარმომადგენლობა პარლამენტში. შეიძლება, ეს საკონსტიტუციო ცვლილებას არ საჭიროებდეს. შევეცდებით, რომ „საარჩევნო კოდექსის“ დონეზე ისეთი რეგულაციები ავსახოთ, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა რეგიონის გარანტირებულ წარმომადგენლობას პარლამენტში სათანადო დოზით. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა კობახიძემ.
თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, მოქალაქეები დაინტერესდნენ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემთხვევაში, რამდენად იქნება უზრუნველყოფილი რეგიონული წარმომადგენლობა პარლამენტში.