საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიას სავარაუდოდ, დღეს გადაეგზავნება
საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიას სავარაუდოდ დღეს გადაეგზავნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს კი, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები ცესკო-ს წარმომადგენლებს შეხვდებიან, სადაც ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ.
ამასთან, მომავალი კვირიდან საარჩევნო რეფორმის პროექტზე საკომიტეტო განხილვები დაიწყება და კანონპროექტზე პირველი მოსმენით დეპუტატები პლენარულ სესიაზე იმსჯელებენ.
„პროექტი, რომელიც შეთანხმდა, ახლა ითარგმნება და სავარაუდოდ, ხუთშაბათს დღის ბოლოს გადაიგზავნება უკვე ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. რაც შეეხება პროექტს, რომლის საკომიტეტო მოსმენები იწყება ახლა, ის თავისი პრინციპებით შეთანხმებულია პარტიებს შორის. ის სრულად ასახავს 19 აპრილის შეთანხმებას და არის უფრო მეტი, ვიდრე 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული. ჩვენ მანამდეც, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელიც თებერვლიდან მუშაობდა, ბევრი სიახლე გავითვალისწინეთ პროექტში, შემდეგ დაემატა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხები და ამ ინტერპარტიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში კიდევ რამდენიმე დამატებითი საკითხი გავითვალისწინეთ საარჩევნო რეფორმის კუთხით. შესაბამისად, ახლა დაიწყება საკომიტეტო მოსმენები. მომავალ კვირას იქნება პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კანონის მიღება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმა სამი ტიპის ტექნოლოგიურ სიახლეს – სახის ამომცნობ პროგრამას, შტრიხკოდირებულ ბიულეტენებსა და მაღალი რეზოლუციის მქონე კამერის ქვეშ ხმების დათვლას მოიცავს.
„ვმუშაობთ ტექნიკურ საკითხებზე. არის რამდენიმე იდეა, რომელიც ამ დღეებში დამუშავდება ცესკო-სთან ერთად და კვირის ბოლოს, შაბათს ან კვირას გვექნება კიდევ შეხვედრა ცესკო-სთან ერთად. საუბარია საარჩევნო პროცესის სამ ეტაპზე: ეს არის ამომრჩევლის იდენტიფიკაცია, ხმის მიცემის პროცესი და ხმის დათვლის პროცესი. საუბარია, თუ რა ფორმით და რა შინაარსით და რა მასშტაბით შეიძლება, დაინერგოს ტექნოლოგიები თუ სხვა სახის დამზღვევი ინსტრუმენტები, რომლებიც ყოველგვარ სპეკულაციას გამორიცხავს. აქ საუბარია როგორც ბიომეტრიული იდენტიფიკაციაზე, ისე დათვლის პროცესში ტექნიკის გამოყენებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.