საარჩევნო რეფორმის პირველადი ვერსიით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი განისაზღვრა
საარჩევნო რეფორმის პირველადი ვერსიით განსაზღვრულია ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი.
პროექტის პირველად ვერსიაზე ამ წუთებში სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობენ. ცვლილებების მიხედვით, ცესკო შედგება შვიდი წევრისგან, რომელთა შორის არის ცესკო-ს თავმჯდომარე. ცესკო-ს ექვს წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
ამასთან, პროექტით, საქართველოს პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკო-ს წარუდგენს სამ კანდიდატურას.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები კი შეირჩევიან ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შერჩევისთვის დადგენილი წესით, ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ცესკო-ს თავმჯდომარის სამ კანდიდატურას.
ასევე, ცვლილებებით, პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ცესკო-ში, თუ პოლიტიკური პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მისი წარდგენით, პროპორციული წესით არჩეულ იქნა პარლამენტის წევრი.